Wednesday, April 14, 2010

გია დვალის კვლევები


ქართველი მეცნიერი გია დვალი დაიბადა 1963 წელს.ის 1985 წელს დაამთვრა თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 2001 წელს ნიუ-იორკის მერრმა მიანიჭა ჟილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.2008 წელს მან მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.ის მოღვაწეობს თეორიული ფიზიკის დარგში.ის ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მიუხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი და ჟენევის ატომური



ქართველი მეცნიერების წარმატება უცხოეთში

”მეცნიერების მდგომარეობა საქართველოში რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არსებობს და საკმაოდ დიდიც, მაგრამ მას გამოყენება და განვითარება უნდა. ამისთვის კი ერთადერთი ნაცადი გზა ისაა, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახოს მეცნიერების განვითარება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...თანაც, მოგება ამ ინვესტიციიდან ასმაგია, თუმცა ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანს”,-ასეთ განცხადებას აკეთებს ქართველი ფიზიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მეცნიერების დაფინანსება გაიზარდა და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქართველი მეცნიერებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო პირობები კვლავაც არასახარბიელოა. სამაგიეროდ, პოტენციალი, რომელიც გია დვალის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰპოვებს გამოვლენას. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმატებით მოღვაწეობს. ამ სტატიაში სწორედ ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ.

ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის CERN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია, გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა კი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. ამისთვის კი გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. შემოდგომაზე გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად CERN-ის ამაჩქარებლის პროექტის დაწყებას ელოდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობის იქნება. ”ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო”,-აღნიშნავს იგი.

უკვე ათი წელია ავსტრიაში, ლინცის უნივერსიტეტის სიმბოლური გამოთვლების კვლევით ინსტიტუტში(RISC) მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი თემურ კუცია. ამავე უნივერსიტეტში მან დისერტაცია სათაურით Solving and Proving in Equational Theories with Sequence Variables and Flexible Arity Symbols, 2002 წელს დაიცვა. კვლევების გარდა, ლინცის უნივერსიტეტში მას ლოგიკური პროგრამირების, უნიფიკაციის თეორიის, ინფორმაციული და ავტომატური გამოყვანის სისტემების კურსები და სემინარი ალგორითმების შესახებ მიჰყავს. ამას გარდა, ლექციებს იგი აიპონიაში ცუკუბას უნივერსიტეტში, ირლანდიის ლოგიკის, ენისა და ინფორმაციის ევროპულ საზაფხულო სკოლაში და ავსტრიის სიმბოლური გამოთვლების საზაფხულო სკოლაშიც კითხულობდა, არის უამრავი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. თემურ კუციას კვლევები კომპიუტერული ლოგიკის ფარგლებში მიმდინარეობს და უნიფიკაციის თეორიას, ავტომატურ დედუქციასა და დეკლარაციულ (წესებზე დაფუძნებულ) პროგრამირებას მოიცავს. ”დავამტკიცე, რომ უნიფიცირებადობა მიმდევრობითცვლადებიან თეორიებში გადაწყვეტადია და ავაგე პროცედურა, რომელიც ამონახსნთა მინიმალურ და სრულ სიმრავლეს წარმოქმნის. ვაჩვენე, რომ ამოხსნადი სისტემებისთვის ასეთი მინიმალური სიმრავლე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზოგი სისტემისთვის შეიძლება უსასრულო იყოს, ამიტომ ამ შემთხვევებში პროცედურა არ ჩერდება. გამოვყავი ზოგიერთი ფრაგმენტი, რომლისთვისაც პროცედურის გაჩერება გარანტირებულია და მათთვის ავაგე უფრო ეფექტური ალგორითმი. ამ ალგორითმზე დაყრდნობით პორტუგალიაში, პორტუს უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამული პაკეტი XML-ის მონაცემების მანიპულაციისთვის”,-აღნიშნავს იგი. ორი წლის წინ კი თემურ კუციამ ესპანელ კოლეგებთან ერთად კონტექსტების უნიფიკაციის პრობლემის ერთი ვარიანტის გადაწყვეტადობა დაამტკიცა. კონტექსტების უნიფიკაციის გადაწყვეტადობა უნიფიკაციის თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღია პრობლემაა და ამდენად, მისი ვარიანტის ან ფრაგმენტის გადაწყვეტადობის ჩვენება მნიშვნელოვან შედეგად ითვლება. პარალელურად, ქართველი მეცნიერი რამდენიმე წელია თანამშრომლობს სიმბოლური გამოთვლების ჯგუფთან ცუკუბას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში. RISC-ში თემურ კუციას პირველი პროექტი ნამდვილი რიცხვებისთვის ამოხსნის და დამტკიცების მეთოდების კვლევას ეხებოდა. მომდევნო პროექტი, სახელწოდებით Theorema, კი კომპიუტერული ალგებრის და კომპიუტერული ლოგიკის კომბინაციაზე დაფუძნებული მათემატიკური ასისტენტ-სისტემის შექმნას ითვალისწინებდა. ამჟამად თემურ კუცია მონაწილეობს პროექტში, რომელიც დიდი ევროპული პროექტის "სიმბოლური გამოთვლების ინფრასტრუქტურა ევროპისთვის" ნაწილია და ტრენინგებისა და სკოლების მოწყობას ითვალისწინებს მათთვის, ვისაც თავის კვლევებში სიმბოლური გამოთვლების გამოყენება აინტერესებს. RISC ამ ევროპული კონსორციუმის ერთ-ერთი კვანძია. ქართველი მეცნიერის მოვალეობებში კი ტრენინგებისა და სკოლების კოორდინაცია შედის. აღნიშნული პროექტი კიდევ სამი წელი გაგრძელდება.

1996 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში შოთა ოკუჯავა. 1998 წლიდან ნიურნბერგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი დოცენტად მუშაობდა და საბანკო სფეროში პროგრამირებას ასწავლიდა. 2003-2006 წლებში ეკონომიკის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად მოღვაწეობდა, 2006 წელსვე დაიცვა დისერტაცია თემაზე ”საინფორმაციო ტექნოლოგიაში ინვესტირების რენტაბელობა”. მას შემდეგ მან კერძო ფირმა დააარსა. 2007-2008 წლებში შოთა ოკუჯავა სისტემა DeutschlandCard-ის დამუშავებასა და დანერგვაზე მუშაობდა. ამჟამად იგი დასაქმების სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით კონსულტანტად მოღვაწეობს.

სხვათა შორის, დასავლეთში წარმატებით მოღვაწეობენ ქართველი სტუდენტებიც. უკვე ორი წელია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში Ph.D პროგრამაზე სწავლობს ლაშა ბერეჟიანი და ”თეორიული მაღალი ენერგიების ფიზიკის” თემატიკაზე მუშაობს. პროექტები, რომლებსაც ლაშა ბერეჟიანი ახორციელებს, ველის თეორიასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთანაა დაკავშირებული. იგი ნიუ-იორკში აღნიშნულ პროგრამაზე ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ”ჩემი შტატებში წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში სტუდენტს არ აქვს იმის პირობები, რომ უზრუნველად იფიქროს ფიზიკაზე”,-აღნიშნავს ლაშა ბერეჟიანი. უკვე სამი წელია ნიუ-იორკში Ph.D პროგრამაზე, თეორიული ფიზიკის განხრით სწავლობს დავით ფირცხალავაც, რომელიც ველის კვანტური თეორიისა და კოსმოლოგიის პრობლემებზე მუშაობს. ”თეორიული ფიზიკის მიზანი სამყაროს ფუნდამენტურ დონეზე შესწავლა, როგორც უმცირეს, ასევე ყველაზე დიდ მანძილებზე განხორციელებული დაკვირვებების ახსნა-წინასწარმეტყველება და თვითშეთანხმებულ თეორიაში მოქცევაა. ჩვენი საქმიანობაც შესაბამისი პრობლემების გადაჭრას ემსახურება”,-განმარტავს იგი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების არასათანადო პოპულარიზაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოპულარიზაციის საჭიროება, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ჩაებას მეცნიერულ საქმიანობაში. გია დვალი თვლის, რომ აუცილებელია სტუდენტებს განემარტოთ მეცნიერების პერსპექტივები. ”ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ მეცნიერება და კერძოდ ფიზიკა, უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ ამერიკის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდნენ, შეძლონ Ph.D პროგრამებში სწავლისა და კვლევების გაგრძელება, რის შემდეგაც ფართო სამენციერო და არა მარტო სამეცნიერო კარიერის პერსპექტივა იხსნება”,-აღნიშნავს იგი.

http://www.navigator.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=4723

Tuesday, April 13, 2010

დავით კაკაბაძე





ქართველი ფოტოგრაფი დავით კაკაბაძე მოღვაწეობდა 1889–1952 წლებში. ის ცნობილია როგორც, ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.მხატვარ დავით კაკაბაძის რთულ, ზოგჯერ წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებით გზას ახასიათებს, ერთს მხრივ, ეროვნული ტრადიციების გაღრმავების, მათთვის ახლებური ელფერის მინიჭების მისწრაფება, და მეორეს მხრივ - XX საუკუნის დამდეგის დასავლეთ ევროპის ხელოვნების “უახლეს” მიმდინარეობათა გააზრებისა და პრაქტიკული შეთვისების წადილი. სწორედ ამ, ერთ შემთხვევით, შეურიგებელ “წინააღმდეგობებში” ევლინება მხატვრის ხასიათის მთლიანობა, წინასწარ დასახული პროგრამის განხორციელების კანონზომიერება, მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობის უბადლოება.

დავით კაკაბაძის ცხოვრების გზა, ბიოგრაფია ნათელს ჰფენს მისი სულისა და ინტელექტის მრავალმხრივ ძიებებს.

იგი 1889 წელს დაიბადა სოფელ კუხში, ღარიბი გლეხის ოჯახში, მამამისს საკარმიდამო ნაკვეთიც კი არ ჰქონდა. ოჯახი რომ ერჩინა, ქუთაისში დასახლდა და მებორნედ დაიწყო მუშაობა, განათლება მისცა შვილებს. დავითმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლობისა და კერძო საქველმოქმედო საზოგადოებების დახმარებით შეძლო მიეღო უმაღლესი განათლება. 1910-1915 წლებში იგი სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

დავითი ბავშობიდანვე გაიტაცა ხელოვნებამ. იგი ჯერ კიდევ მოწაფეობისას ბევრს ხატავდა ნატურიდან, იღებდა ხანმოკლე ხატვის გაკვეთილებს ჩამოსული მხატვრებისგან, ეზიარა სახელმძღვანელოებით ხატვის ტექნიკას. პეტერბურგში საუნივერსიტეტო კურსთან ერთდროულად გადის ნახატისა და ფერწერის სასწრაფო აკადემიურ სკოლას მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. შემდეგ მსოფლიო ხელოვნების ძეგლების გასაცნობად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი იტალიასა და გერმანიაში მიემგზავრება. 1920-1927 წლებში ნაყოფიერად მუშაობს პარიზში, სადაც შემოქმედებითად ითვისებს თანამედროვე სახვითი ხელოვნების, აგრეთვე მეცნიერების მიღწევებსაც.

დავით კაკაბაძისთვის დამახასიეთებელი ლტოლვა ნამუშევრების სერიათა შექმნისადმი სათავეს იღებს მის სამხატვრო ფილოსოფიაში. დროის გარკვეულ მონაკვეთში იგი ერთი და იგივე მასალით ასრულებდა ერთნაირი ფორმატის ათობით სურათს.

თავისებურ სერიას შეადგენენ პორტრეტები, რომლებიც მხატვარმა 1913 და 1918 შუა პერიოდში შეასრულა.

მისი ლტოლვა შექმნას სურათების სერია სხვადასხვა მხატვრულ-სტილისტურ მანერაში, სათავეს იღებს მისი მხატვრულ შემოქმედების მრწამსში, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს თავისი შემოქმედების დასაწყისშივე. მას მიაჩნდა რომ ”ერთფეროვნება ეწინააღმდეგება ბუნებას” და “მრავალფეროვნება კი ცხოვრების საფუძველია”, რომ მხატვარმა თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების გზით უნდა იაროს, უნდა შეისწავლოს მემკვიდრეობაც, არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღიჭურვოს ენთუზიაზმით და გახდეს მისი მიმბაძველი, ანდა ინტერპრეტატორი, არამედ იმისთვის, რომ სულიერად ამაღლდეს და შეიცნოს მისი შინაარსიო. სწორედ ეს აზრი გაატარა და გაიტანა კიდეც დ.კაკაბაძემ როგორც ბუნების სურათების, ასევე სხვადასხვა მხატვრულ მანერაში გააზრებულ ავტოპორტრეტებშიც.

დავით კაკაბაძის თემატურ რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მშობლიურ იმერეთის ბუნებას. “იმერეთი” მნიშვნელოვანი ფურცელია მხატვრის ბიოგრაფიისა არა მარტო იმიტომ, რომ მან ამ კუთხეს მიუძღვნა თავისი სურათების უმრავლესობა, არამედ, უმთავრეს და უწინავეს ყოვლისა_იმიტომ, რომ ეს მისი “საკუთარი” თემაა, შინაგანად მისთვის ახლობელი, ბოლომდე გააზრებული და მხატვრულ სრულქმნილებამდე მიყვანილი.

დ. კაკაბაძემ ქართველ მხატვართაგან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა სადაზგო სურათი - განზოგადოება. ეს ამოცანა მან გადაწყვიტა ჯერ კიდევ საზღვარეთ გამგზავრებამდე, 1918 წელს. გასაგებია, რომ დ.კაკაბაძე - უაღრესად ზუსტი, პუნქტუალური, რაციონალური ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სურათის სახელწოდებასაც, ვინაიდან მიაჩნდა, რომ სურათის სახელწოდება უნდა გამოხატავდეს “მის მთელ არსებას”, “მის მთელ შემოქმედებას”.

1949-1951 წლებში დ.კაკაბაძის შემოქმედებაში ახალი ძიებანი შეიმჩნევა.

1949 წლის ნამუშევარი - ეს არის ადამიანისა და ბუნების ერთმთლიანობის ჩვენება. მის სემდგომ შემოქმედების პრაქტიკაში ეს თემა უფრო მეტ ადგილს იკავებს. მაგრამ ადამიანი და მისი შრომა მაინც რჩება დამატებად, პეიზაჟის სტაფაჟად და ამის თავიდან აცილება მან შეძლო მხოლოდ ერთ უკანასკნელ ეტიუდში, რომელიც ჩაფიქრებული დიდი ფერწერული სურათისთვის დახატა. 1951 წელს შესრულებულ ესკიზში “გუმბრინის დამუშავება ქუთაისის მიდამოებში” მიგნებულია თემის გამოვლინების საინტერესო კომპოზიციური ხერხით: მუშებისა და ვაგონეტების წრფივი განაწილება გუმბრინის დამუშავებულ ტერიტორიების ფონზე. შრომითი პროცესისთვის დამახასიათებელია მკაფიო რიტმულობა, შეთანხმებული მოძრაობა და მუშაობის ენერგიული რიტმი ადამიანის გარდამქმნელი შრომის ძლიერების სადიდებლად გაისმის.

სწორედ ეს შრომის სადიდებელი ნაწარმოები, რომელსაც დასაბამი უნდა მიეცა დავით კაკაბაძის შემოქმედების ახალი ეტაპისთვის, გამოდგა მისი ბოლოქმედება, გედის სიმღერა ამ დიდი მხატვრისა.
მისი შემოქმედების ნიმუშებია

იმერეთი

კუბისტური კომპოზიციები

ილუსტრაციები

ბრეტანი

კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები

კომპოზიციები

პეიზაჟები

სვანეთი

ინდრუსტიული პეიზაჟები

თეატრალური ესკიზები

დეკორატიული მოტივები

ავტოპორტრეტები

ფოტოები
.

http://www.davit-kakabadze.narod.ru/Semoqmedeba.htm

Wednesday, April 7, 2010

პერგამონის მუზეუმი







პერგამონმუზეუმის ფასადი

პერგამონის მუზეუმი ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე .შექმნის ინიციატორები იყვნენ ალფრედ მესელი და ლუდვიგ ჰოფმანი. მშენებლობა 1910წელს დაიწყო და 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.ბერლინის მუზეუმის კუნძულზე კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის გახსნის პროცეში გაირკვა, რომ მისი ფართი არ იყო საკმაო მუზეუმის საცავებში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და გერმანელთა გათხრებით მოპოვებული არქეულოგიური განძის გამოსაფენად. ეს გათხრები წარმოებულ იქნა ბაბილონში, ურუქში, ასურეთში, მილეტოსში, პრიენსა და ეგვიპტეში, და ამ ადგილებიდან მოტანილი ექსპონატების გამოფენა ვერ ხერხდებოდა. 1907 წელს, ვილჰელმ ფონ ბოდე, კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის დირექტორი, გეგმავს იქვე ახალი მუზეუმის აგებას ძველი არქიტექტურის, გერმანიის პოსტ-ანტიკურობის ხელოვნებისა და ახლო-აღმოსავლეთის და ისლამის ხელოვნების ნიმუშების მოსათავსებლად. მისი სიკვდილის შემდგომ 1909 წელს მშენებლობის პროექტს ლუდვიგ ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მშენებლობა საბოლოოდ 1910 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომისა (1918) და დიდი ინფლაციის (1920-იანი წლები) პერიოდში გრძელდებოდა. შენობა 1930 წელს გაიხსნა.

პერგამონის მუზეუმი დაზიანდა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს. ექსპონატების დიდი ნაწილი გადანახულ იქნა, ხოლო უძრავი ობიექტები კი კედელში ჩაიტანეს, ყველა დანარჩენი ნიმუში 1945 წელს წითელი არმიის შემოსვლის დროს გაიტანეს იოსებ სტალინის გამარჯვების მუზეუმისთვის. გატანილი სიმდიდრის ნაწილი 1958 წელს დააბრუნეს აღმოსავლეთ გერმანიაში. კოლექციის ერთი ნაწილი დღესაც პუშკინის მუზეუმსა და ერმიტაჟში ინახება, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.კოლექციის საწყისებს ბრანდენბურგის კურფიურსტთან მივყავართ, რომელიც ანტიკურ საგნებს აგროვებდა; ამ კოლექციის პირველი ნიმუშები მან რომაელი არქოლოგისგან შეისყიდა 1698 წელს. მისი ნაწილი მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახდა 1830 წელს, როცა ძველი მუზეუმი გაიხსნა. კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოლიმპიის, სამოსის, პერგამონის, მილეტუსის, პრიენის და დიდიმას გათხრების შედეგად.

ამ გათხრებით მოპოვებული კოლექცია პერგამონისა და ძველმა მუზეუმებმა გაიყვეს.

კოლექციაში შედის სკულპტურები არქაულიდან ელინისტურ პერიოდამდე და ასევე ბერძნული და რომაული ანტიკური ხელოვნების ნიმუშები: არქიტექტურა, სკულპტურები, ინცრუსტაციები, მოზაიკა, ბრინჯაო და სამკაულები.

მთავარი გამოფენებია პერგამონის საკურთხეველი (ძვ.წ. მე-2 საუკუნე), 113 მეტრი სიგრძის სკულპტურული ფრიზით, რომელზეც ღმერთთა და გიგანტთა ბრძოლაა გამოსახული, და მილეტის კარიბჭე რომის ანტიკური ხანიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარმანიის გაყოფის შედეგად კოლექციასაც იგივე ბედი ეწია. პერგამონის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა 1959 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, ხოლო ის რაც დასავლეთ ბერლნში დარჩა გამოფენილია შარლოტენბურგის სასახლეში 1995 წლიდან.ახლო აღმოსავლეთის მუზეუმში გამოფენილია გერმანელი არქეოლოგების მიერ ასურეთის, შუმერული და ბაბილონური კულტურის რეგიონებში ნაპოვნი ობიექტები. დამატებით აქვეა ისტორიული შენობები, რელიეფები და ნაკლებად მნიშვნელოვანი ექსპონატები და სამკაულები.
2000 წელს ჩატარებულ არქიტექტურულ კონკურში გაიმარჯვა ოსვალდ მატიას უნგერსმა, კიოლნიდან. მუზეუმის კომპლექსი მისეული გეგმის მიხედვით გადაკეთდება, რომლის მიხედვით დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს 1930 წლის შემდეგ ხელშეუხებელ შენობათა წყობასა და ფორმებში. ამჟამინდელი შესასვლელი შენობა შეცვლის ერენჰოფის შენობას, ხოლო შემაღლებული არქეოლოგიური პრომენადი კი ერთმანეთთან დააკავშირებს ყველა შენობას. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2005 წლისთვის და უნდა დასრულდეს 2010-ში.

გამოყენებული მასალა: www.wikipedia.ge

რუსეთ საქართველოს ომი