Wednesday, April 14, 2010

გია დვალის კვლევები


ქართველი მეცნიერი გია დვალი დაიბადა 1963 წელს.ის 1985 წელს დაამთვრა თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 2001 წელს ნიუ-იორკის მერრმა მიანიჭა ჟილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.2008 წელს მან მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.ის მოღვაწეობს თეორიული ფიზიკის დარგში.ის ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მიუხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი და ჟენევის ატომური



ქართველი მეცნიერების წარმატება უცხოეთში

”მეცნიერების მდგომარეობა საქართველოში რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არსებობს და საკმაოდ დიდიც, მაგრამ მას გამოყენება და განვითარება უნდა. ამისთვის კი ერთადერთი ნაცადი გზა ისაა, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახოს მეცნიერების განვითარება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...თანაც, მოგება ამ ინვესტიციიდან ასმაგია, თუმცა ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანს”,-ასეთ განცხადებას აკეთებს ქართველი ფიზიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მეცნიერების დაფინანსება გაიზარდა და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქართველი მეცნიერებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო პირობები კვლავაც არასახარბიელოა. სამაგიეროდ, პოტენციალი, რომელიც გია დვალის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰპოვებს გამოვლენას. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმატებით მოღვაწეობს. ამ სტატიაში სწორედ ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ.

ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის CERN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია, გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა კი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. ამისთვის კი გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. შემოდგომაზე გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად CERN-ის ამაჩქარებლის პროექტის დაწყებას ელოდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობის იქნება. ”ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო”,-აღნიშნავს იგი.

უკვე ათი წელია ავსტრიაში, ლინცის უნივერსიტეტის სიმბოლური გამოთვლების კვლევით ინსტიტუტში(RISC) მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი თემურ კუცია. ამავე უნივერსიტეტში მან დისერტაცია სათაურით Solving and Proving in Equational Theories with Sequence Variables and Flexible Arity Symbols, 2002 წელს დაიცვა. კვლევების გარდა, ლინცის უნივერსიტეტში მას ლოგიკური პროგრამირების, უნიფიკაციის თეორიის, ინფორმაციული და ავტომატური გამოყვანის სისტემების კურსები და სემინარი ალგორითმების შესახებ მიჰყავს. ამას გარდა, ლექციებს იგი აიპონიაში ცუკუბას უნივერსიტეტში, ირლანდიის ლოგიკის, ენისა და ინფორმაციის ევროპულ საზაფხულო სკოლაში და ავსტრიის სიმბოლური გამოთვლების საზაფხულო სკოლაშიც კითხულობდა, არის უამრავი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. თემურ კუციას კვლევები კომპიუტერული ლოგიკის ფარგლებში მიმდინარეობს და უნიფიკაციის თეორიას, ავტომატურ დედუქციასა და დეკლარაციულ (წესებზე დაფუძნებულ) პროგრამირებას მოიცავს. ”დავამტკიცე, რომ უნიფიცირებადობა მიმდევრობითცვლადებიან თეორიებში გადაწყვეტადია და ავაგე პროცედურა, რომელიც ამონახსნთა მინიმალურ და სრულ სიმრავლეს წარმოქმნის. ვაჩვენე, რომ ამოხსნადი სისტემებისთვის ასეთი მინიმალური სიმრავლე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზოგი სისტემისთვის შეიძლება უსასრულო იყოს, ამიტომ ამ შემთხვევებში პროცედურა არ ჩერდება. გამოვყავი ზოგიერთი ფრაგმენტი, რომლისთვისაც პროცედურის გაჩერება გარანტირებულია და მათთვის ავაგე უფრო ეფექტური ალგორითმი. ამ ალგორითმზე დაყრდნობით პორტუგალიაში, პორტუს უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამული პაკეტი XML-ის მონაცემების მანიპულაციისთვის”,-აღნიშნავს იგი. ორი წლის წინ კი თემურ კუციამ ესპანელ კოლეგებთან ერთად კონტექსტების უნიფიკაციის პრობლემის ერთი ვარიანტის გადაწყვეტადობა დაამტკიცა. კონტექსტების უნიფიკაციის გადაწყვეტადობა უნიფიკაციის თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღია პრობლემაა და ამდენად, მისი ვარიანტის ან ფრაგმენტის გადაწყვეტადობის ჩვენება მნიშვნელოვან შედეგად ითვლება. პარალელურად, ქართველი მეცნიერი რამდენიმე წელია თანამშრომლობს სიმბოლური გამოთვლების ჯგუფთან ცუკუბას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში. RISC-ში თემურ კუციას პირველი პროექტი ნამდვილი რიცხვებისთვის ამოხსნის და დამტკიცების მეთოდების კვლევას ეხებოდა. მომდევნო პროექტი, სახელწოდებით Theorema, კი კომპიუტერული ალგებრის და კომპიუტერული ლოგიკის კომბინაციაზე დაფუძნებული მათემატიკური ასისტენტ-სისტემის შექმნას ითვალისწინებდა. ამჟამად თემურ კუცია მონაწილეობს პროექტში, რომელიც დიდი ევროპული პროექტის "სიმბოლური გამოთვლების ინფრასტრუქტურა ევროპისთვის" ნაწილია და ტრენინგებისა და სკოლების მოწყობას ითვალისწინებს მათთვის, ვისაც თავის კვლევებში სიმბოლური გამოთვლების გამოყენება აინტერესებს. RISC ამ ევროპული კონსორციუმის ერთ-ერთი კვანძია. ქართველი მეცნიერის მოვალეობებში კი ტრენინგებისა და სკოლების კოორდინაცია შედის. აღნიშნული პროექტი კიდევ სამი წელი გაგრძელდება.

1996 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში შოთა ოკუჯავა. 1998 წლიდან ნიურნბერგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი დოცენტად მუშაობდა და საბანკო სფეროში პროგრამირებას ასწავლიდა. 2003-2006 წლებში ეკონომიკის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად მოღვაწეობდა, 2006 წელსვე დაიცვა დისერტაცია თემაზე ”საინფორმაციო ტექნოლოგიაში ინვესტირების რენტაბელობა”. მას შემდეგ მან კერძო ფირმა დააარსა. 2007-2008 წლებში შოთა ოკუჯავა სისტემა DeutschlandCard-ის დამუშავებასა და დანერგვაზე მუშაობდა. ამჟამად იგი დასაქმების სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით კონსულტანტად მოღვაწეობს.

სხვათა შორის, დასავლეთში წარმატებით მოღვაწეობენ ქართველი სტუდენტებიც. უკვე ორი წელია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში Ph.D პროგრამაზე სწავლობს ლაშა ბერეჟიანი და ”თეორიული მაღალი ენერგიების ფიზიკის” თემატიკაზე მუშაობს. პროექტები, რომლებსაც ლაშა ბერეჟიანი ახორციელებს, ველის თეორიასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთანაა დაკავშირებული. იგი ნიუ-იორკში აღნიშნულ პროგრამაზე ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ”ჩემი შტატებში წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში სტუდენტს არ აქვს იმის პირობები, რომ უზრუნველად იფიქროს ფიზიკაზე”,-აღნიშნავს ლაშა ბერეჟიანი. უკვე სამი წელია ნიუ-იორკში Ph.D პროგრამაზე, თეორიული ფიზიკის განხრით სწავლობს დავით ფირცხალავაც, რომელიც ველის კვანტური თეორიისა და კოსმოლოგიის პრობლემებზე მუშაობს. ”თეორიული ფიზიკის მიზანი სამყაროს ფუნდამენტურ დონეზე შესწავლა, როგორც უმცირეს, ასევე ყველაზე დიდ მანძილებზე განხორციელებული დაკვირვებების ახსნა-წინასწარმეტყველება და თვითშეთანხმებულ თეორიაში მოქცევაა. ჩვენი საქმიანობაც შესაბამისი პრობლემების გადაჭრას ემსახურება”,-განმარტავს იგი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების არასათანადო პოპულარიზაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოპულარიზაციის საჭიროება, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ჩაებას მეცნიერულ საქმიანობაში. გია დვალი თვლის, რომ აუცილებელია სტუდენტებს განემარტოთ მეცნიერების პერსპექტივები. ”ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ მეცნიერება და კერძოდ ფიზიკა, უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ ამერიკის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდნენ, შეძლონ Ph.D პროგრამებში სწავლისა და კვლევების გაგრძელება, რის შემდეგაც ფართო სამენციერო და არა მარტო სამეცნიერო კარიერის პერსპექტივა იხსნება”,-აღნიშნავს იგი.

http://www.navigator.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=4723

No comments: